როთი: "უცხოური აგენტების კანონს“ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა განაცხადა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოური აგენტების კანონს." მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, გაიწვიონ ხსენებული კანონპროექტი.

„ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება მოახდინა! მინდა, დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოური აგენტების კანონს." გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის," წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.


საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.